მეუფე დანიელი: ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა

„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა“, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი აცხადებს.
მისივე განმარტებით, გიორგი მამალაძის შეწყალებას “ეკლესიაც მიესალმებოდა”.
„რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშავოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მით უმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პირადად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მოინახულა, ესაუბრა.
რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულნი არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ის ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა – ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება. ყოველთვის არ არის ადამიანი ზიარებისთვის მზად, ამიტომ ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. რომ გადაწყვიტა მოძღვარმა, აზიარა. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეკლესია ამას განიცდის, ზრუნავს, მაგრამ არის რაღაც საზღვრები იმასთან დაკავშირებით, მას რისი გაკეთება შეუძლია და რა არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება. ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია – როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის”, – განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები