სინათლე “სამოთხეში” – 63 წლის მარტოხელა მოხუცს მზის ბატარეა დაუმონტაჟეს

0

63 წლის მურმან გობეჯიშვილი ერთ-ერთია, იმ 400 ადამიანს შორის, რომელიც სოფლად ალტერნატიული ენერგიით სარგებლობს. რამდენიმე დღის წინ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ონის რაიონის სოფელ ხურუთის ზემოთ, ე.წ. დიდყანაში, მარტოხელა მოხუცს, მურმან გობეჯიშვილს მზის ბატარეა დაუმონტაჟა. 12-ვოლტიანი ბატარეით, ოთახი და აივანი განათდა.
როგორც „კვირას“ ემზარ საბანაძემ განუცხადა, უახლოეს დღეებში გობეჯიშვილს ტელევიზორსაც მიუტანს და მარტოხელა მოხუცი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ამბებს შეიტყობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით, რეგიონებში 100-ზე მეტი უშუქოდ დარჩენილი სოფლისთვის მზის პანელების გადაცემა ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში დააანონსა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის დეკემბერში გაახმოვანა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ალტერნატიული ენერგიის წყაროთი დაახლოებით 400 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
უშუქოდ დარჩენილი სოფლების სიაში ონის რაიონის რამდენიმე სოფელი აღმოჩნდა, მათ შორის: გადამში 5 ოჯახი; ჭვებარში 4 ოჯახი; სხიერში 5 ოჯახი; ღებში (თევრეშოს უბანი) 30 ოჯახი; გონაში 7 ოჯახი.
63 წლის მურმან გობეჯიშვილი სოფელ სოფელ ხურუთიდან 3 კმ -ის დაშორებით ე.წ. დიდყანაში, ძველ ფიცრულ სახლში ცხოვრობს. პროფესიით მჭედელია და ხელობა მამისგან ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა. 63 წლის მოხუცს შუქი არასდროს ჰქონია, არც სასმელი წყალი. არასდროს დაოჯახებულა. ადგილს, სადაც თვითონ მთელი ცხოვრება გაატარა „სამოთხეს“ უწოდებს.
რაიონის გამგეობამ გზა სოფლიდან „სამოთხემდე“ ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაიყვანა. 24 მარტს მურმან გობეჯიშვილს მას 64 წელი შეუსრულდება. იუბილეზე მას შუქიც ექნება და ტელევიზორიც. დაკოჟრილი ხელებით, აღარც ლამფას აანთებს და არც „ბატარეას“ გამოიყენებს.
ამბობს, რომ 10 დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ ამჟამად, მხოლოდ ორნი დარჩნენ. ბავშვობა ამ ძველ სახლში გაატარა. აქ ყველაფერი წარსულს უკავშირდება და ძველი მოგონებებით ცხოვრობს. წლების წინ, როდესაც მოსახლეობა სოფელ ხურუთში დასახლდა, მან საკუთარი არჩევანი გააკეთა – წინაპრების ფუძე არ მიატოვა და ცხოვრება ძველ ნასახლარზე გააგრძელა.
„ამ სახლში გავიზარდე. 10 დედმამიშვილი ვიყავით. ახლა მხოლოდ ორნი დავრჩით. ჩემი სახლი ჩემი „სამოთხეა“. დილით უნდა ნახოთ, აქ რა სილამაზეა. ზამთარი გადაივლის, ზაფხული კიდევ უფრო უკეთესია. მამაჩემმა, თავის დროზე, ეზოში 2 ჭა ამოჭრა. მამა ჭას ხშირად ასუფთავებდა და წყალს სასმელად ვიყენებდით, მაგრამ რაჭაში მომხდარი მიწისძვრის გამო, ჭა ჩაინგრა და გაუქმდა. ეზოში ერთი ჭა დღესაც მაქვს, მაგრამ დასალევად ვერ ვიყენებ. ახლა სოფლამდე გზა მაქვს და სასმელი წყალი ქვევიდან მომაქვს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას მურმან გობეჯიშვილი.
როგორც თავად გვიყვება, უშუქობისა და სასმელი წყლის უქონლობის გამო, ყოფილი ხელისუფლების დროს, რაიონის გამგებელი რამდენჯერმე შეაწუხა, მაგრამ ამაოდ.
„რამდენჯერმე მივმართე ადრე რაიონის გამგებელს, მაგრამ არავინ მომისმინა. ახლა გზაც მაქვს და შუქიც. წყარო რომ ახლოს იყოს, სასმელ წყალსაც გამოვიყვანდი, მაგრამ შორსაა. აქედან წასვლა არ მინდა, „სამოთხეში“ ვარ. სოციალურ დახმარებას ვიღებ, 60 ლარს, სხვაგან რომ წავიდე და ესეც მომიხსნან, მერე როგორ ვიარსებო? “ – ამბობს მარტოხელა მოხუცი.
„კვირა“ ონის  მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. ემზარ საბანაძე ამბობს, რომ მურმან გობეჯიშვილს რაიონში ყველა იცნობს, ის რკინის ოსტატია. რაც შეეხება მის პრობლემებს, გამგებელი აცხადებს, რომ იგი მარტოხელა მოხუცს შეძლებისდაგვარად, დაეხმარება.
„მურმან გობეჯიშვილმა საკუთარი არჩევანი წლების წინ გააკეთა და ის წინაპრების ნასახლარზე დარჩა, ცხოვრება იქ გააგრძელა და დღემდე იმ ნასახლარში ცხოვრობს. მე, როგორც რაიონის გამგებელი, პატივს ვცემ მის არჩევანს და როგორც გამგებელი, ვალდებული ვარ, შეძლებისდაგვარად, დავეხმარო. ელექტროენერგია იმიტომ არ ჰქონდა, რომ სოფლიდან შორს ცხოვრობს. ერთადერთი მოსახლეა, ვინც თანასოფლელებთან ერთად, ცენტრთან ახლოს ჩამოსახლებაზე უარი თქვა და ძველ ნამოსახლარზე დარჩა. იქამდე შუქის გაყვანა საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, კერძო კომპანია კი ერთი ადამიანისთვის ამხელა ხარჯს არ გასწევს“, – აღნიშნა ემზარ საბანაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ კომპანია „ენერგო პროსაც“ დაუკავშირდა. კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სოფელ ხურუთში მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, მაგრამ სოფლიდან მოშორებით ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა სოლიდურ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი