პროფესიული განათლების მიმართულებით, სამინისტრო ბრიტანელ ექსპერტებთან აქტიურად თანამშრომლობს

0

ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების წარმომადგენლებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები ჩატარდა, რომელიც პედაგოგებს, ხელმძღვანელ პირებსა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება, რაც კონკურენტულ გარემოში სწავლისა თუ დასაქმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ტრენინგში მონაწილეობისთვის აჭარიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან, კონკურსის წესით, 20 მონაწილე შეირჩა, როგორც პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულთაგან, ასევე იმ პოტენციური მენტორებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ, წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ინგლისური დასაქმებისთვის პროფესიულ განათლებაში“, 2019 წელს, ბრიტანეთის საბჭომ ბრიტანელი ექსპერტების მოწვევა აქტიურად დაიწყო. პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების რეფორმირებისა და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების გზით, პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე, აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენერ-მენტორების გუნდის შექმნისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტური მოდელის შემუშავების კუთხით მიმდინარეობს. 9-15 თებერვალს გამართული ტრენინგი, სწორედ ტრენერ-მენტორების გუნდის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი