შპს „ელენიკო“, რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, 20 ათასი ლარით დაჯარიმდა

0

შპს „ელენიკო“, რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, 20 ათასი ლარით დაჯარიმდა. სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორი ადასტურებს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი მართლაც აღმოაჩინა და ლაბორატორიულად დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ შპს „ელენიკო“ აღნიშნული ხორცით სამტრედიის 24 ბაგა-ბაღს ამარაგებდა.
სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის, ხათუნა გაგუას ინფორმაციით, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. მისივე თქმით, იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.
ბაღებში ცხენის ხორცის არსებობასთნ დაკავშირებით, “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის ბრალდებას სამტრედიის მერმაც უპასუხა.
„ვირის ხორცი არ ყოფილა, ტყუილია, მაგრამ ოქტომბრის თვეში ჩვენ დავაფიქსირეთ ცხენის ხორცის არსებობა და ვინც იყო გამარჯვებული ტენდერში, იმას ხელშეკრულება გავუუქმეთ და დავაჯარიმეთ“, – განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკური პლატფორმის – „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარშან სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი დაფიქსირდა. მან ბაღებში კვების რაციონის შემოწმების მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი