აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, რომელიც 11-15 თებერვალს მიმდინარეობდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია დასრულდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები კვლევით მიმართულებებზე გერმანიის ბუნდესტაგის და ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაეცნენ. ზამთრის აკადემია სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ბუნდესტაგის ექსპერტ-ტრენერებმა ექვსივე ქვეყნის აპარატის თანამშრომლებს ზამთრის აკადემიაში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს ზამთრის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ზამთრის პირველი აკადემია ინტერაქტიულად და მონაწილეებისთვის საინტერესო საკითხების გაცნობით წარიმართა. პარლამენტების აპარატის თანამშრომლები კვლევით მიმართულებებზე გერმანიის ბუნდესტაგისა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ აკადემიის დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათის სამუშაოებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, ის უნარები დაიხვეწა და განვითარდა, რაც გერმანელმა ტრენერებმა მონაწილეებს შესთავაზეს. ზამთრის აკადემიის წარმატებულად ჩატარებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობასა და მისი სამომავლო განვითარების აქტუალობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომლებისთვის ზაფხულის აკადემიის გამართვა ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში იგეგმება, რაც პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის ფუნქციების გაძლიერების საკითხებს და არსებული გამოცდილებების გაზიარებას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები