სულხან მახათაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგემები გააცნო
ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მისი საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მაჟორიტარმა ხაზი გაუსვა პრიორიტეტებს, რომელიც მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკოლოგიურ პრობლემებს, შრომის უსაფრთხოებას, საპენსიო რეფორმას, სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას და ყველა იმ ცვლილებას, რაც ამ კუთხით კანონმდებლობაში განხორციელდა.
შეხვედრზე დეპუტატმა სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც საზოგადოებას ანგარიში წარვუდგინე. მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, უშუალოდ ჩემი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით განვახორციელეთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე და მიმართულებებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მოსახლეობას გავაცანი სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჩვენ 2019 წლის განმავლობაში ვსახავთ. შედგა დიალოგი საზოგადოებასთან ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც მათ აწუხებთ“, – განაცხადა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატმა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
„მოსახლეობასა და დეპუტატს შორის დიალოგი, ასევე დეპუტატის მხრიდან ანგარიშის ჩაბარება – ეს არის ჩვენი კანონიერი ვალდებულება და შესაბამისად, ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი მიმართულებებით, განხორციელებული პროექტების თუ პროგრამების მიმართულებებით, აუცილებელია, საზოგადოებას მივაწოდოთ და ისინი იყვნენ მუდმივად ინფორმირებული, თუ რას ვგეგმავთ და რას აკეთებს მათი არჩეული ხელისუფლება და შესაბამისად, ეს მჭიდრო კომუნიკაცია და უშუალო დიალოგი ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში ერთად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზებიც და მათ მოგვარებაზე ვიზრუნოთ.
ერთმანეთის გვერდში დგომით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ სწორედ იმ შედეგს, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დეპუტატმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.