ლევან ნიკოლეიშვილი: კვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის 51% მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს დადებითად აფასებს
„კვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა – დაახლოებით, 51% – დადებითად აფასებს იმ რეფორმებს, რაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარეობს“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს.
ექსპერტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს. მისივე თქმით, არსებობს ხარვეზებიც, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. „საინტერესო სურათი მივიღეთ. კვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა – დაახლოებით 51% – დადებითად აფასებს იმ რეფორმებს, რაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარეობს.
ასევე, მოქალაქეები საკმაოდ კარგად აფასებენ სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და სანდოობას. ამ მაჩვენებლით, ჩვენ ვუსწრებთ მთელ რიგ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის – ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიცაა: ხორვატია, სლოვაკეთი, ბულგარეთი. მოგეხსენებათ, ისინი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებია და დემოკრატიის ხარისხიც საკმაოდ მაღალია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კვლევაში მოცემული შედეგები საკმაოდ კარგია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. არის ხარვეზებიც, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა, საბოლოოდ, ჩანს, რომ მოსახლეობაში სანდოობის მაჩვენებელი სასამართლო სისტემის მიმართ საკმაოდ მაღალია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს არის მოქალაქეების აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ის არ არის გამოწვეული პოლიტიკური და პარტიული ჭიდაობიდან გამომდინარე. გასაგებია, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ინტერესები და მისწრაფებები აქვს; თუმცა, ეს არის ის რეალობა, რასაც მოსახლეობა ხედავს და, აქედან გამომდინარე, შეფასება გააკეთა“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.შეგახსენებთ, რომ, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, კვლევა ჩატარდა, რის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდე
ბელია. „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა – “IPSOS France”-მა და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბმა“ ჩაატარეს.