მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორში ძირეული რეფორმა ხორციელდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გაიმართა, სადაც წიაღის სექტორის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს.
როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა აღნიშნა, მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით, ძირეული რეფორმების გახორციელება მიმდინარეობს, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან; ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის პირველი ფაზის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფ Adam Smith International-ის მიერ შემუშავდა პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მიმდინარეობს პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის; აგრეთვე, საჯარო დისკუსიის გამართვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით”, – განაცხადა მაია ზავრაშვილმა.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, რომელიც, შემდგომში, პოლიტიკისა და სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტში აისახება.
წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში გახორციელებული კონსულტაციების გათვალისწინებით, წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, უახლოეს მომავალში, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.