გიგი უგულავა K2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვას მორიგ პოპულისტურ გადაწყვეტილებას უწოდებს

 

“თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას და, საბოლოო ჯამში, დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს, ამ სფეროს”, – ასე აფასებს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, კოეფიციენტების მატებისა და K2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას. გიგი უგულავა გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს. “მას, შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. ვისაც უმუშავია და სპეციფიკა იცის, ყველა დამეთანხმება, რომ გენერალური გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები, გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, კორექტივებს საჭიროებს. ამიტომ, თუ კომისიას არ ენდობი, სჯობს, კომისია გააძლიერო, უფრო გამჭირვალე გახადო და არა, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების შესაძლებლობა მოკლა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ისივე თქმით, სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვისზეა გაცემული K2-ის შეცვლილი კოეფიციენტი. „ამ საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე იქნება სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს, მისი მერობის პერიოდში, K2 კოეფიციენტის გაყიდვა რამდენჯერ და ვისზე მოხდა. მახსოვს, ამ სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო, მაგალითად, „პანორამა თბილისი“. ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის „არქი ჯგუფი“, რომელთანაც ახლო კონტაქტშია ეჭვმიტანილი ქალაქის დღევანდელი მერი. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვისზეა გაცემული K2-ის შეცვლილი კოეფიციენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები