თბილისის მერს ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის მუნიციპალური პროგრამის დაწყებას სთხოვენ
პორტალზე “შენი იდეა ქალაქის მერს” ინიციატივამ, რომელიც პირველ და მეორე ტრიმესტრში მყოფი ორსულებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების განსაზღვრის მუნიციპალური პროგრამის დაწყებას ეხება, საკმარისი რაოდენობის ხმა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ინიციატივის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მკვლევარმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ ტანგიაშვილმა ისაუბრა.
„აპრილში არის ამ იდეის განხილვის ვადა მერიის მხრიდან. პროცედურა არის ასეთი – ან განიხილავენ და რეკომენდაციას გაუწევენ დაფინანსებაზე, ან არ გაუწევენ. ყოველ შემთხვევაში, განხილვის ვალდებულება აქვს მერიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. თბილისში პრობლემის მასშტაბები დასტურდება, მათ შორის, ჩვენი კვლევითა და ჯანდაცვის სამინისტროს კვლევით. ჯანდაცვის სამინსიტრო ჯერ Unicef-ის კვლევას ელოდება. მანამდე არ აპირებს დაფინანსებას. საქმე ისაა, რომ, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკაში, უკვე აღიარებულია, რომ ბავშვებსა და ორსულებში არის მაღალი რისკი. ამიტომ, ჩვენი პეტიციის მიზანია, მაღალი რისკის ადამიანებში, ორსულებსა და ბავშვებში, ეს კვლევა ჩატარდეს. ამერიკაში ამის ჩატარება სავალდებულოა. პირველ და მეორე ტრიმესტრში ორსულებს უტარებენ კვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე. ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და გვეკითხება – სად შეიძლება ჩავიტაროთო. რომ იგებენ, 100-120 ლარი ღირს, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. კვლევებით დადასტურებულია, რომ განვითარებადი (ანუ ნაკლებად შეძლებული) ქვეყნები, ტყვიის მხრივ, ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას. ამ განვითარებად ქვეყნებში ღარიბი ოჯახები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან – მათ არ შეუძლიათ, აკონტროლონ; არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, კვლევა ჩაიტარონ. მეორე მხრივ, შესაძლოა, უფრო იაფიანი სათამაშო შეიძინონ. თუ ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, ორსულები ანალიზს მიიღებენ უფასოდ და დროულად გავიგებთ, აქვთ თუ არა მაღალი ტყვიის შემცველობა სისხლში“, – განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.
მისივე თქმით, შესაბამისი პროგრამის გახორციელება მერიას, დაახლოებით, 800 000 ლარი დაუჯდება.
რამდენიმე თვის წინ, ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტოქსიკოლოგმა, ინგა ღვინერიამ ისაუბრა.
როგორც ტოქსიკოლოგმა განაცხადა, ტყვია მულტიმოქმედების შხამია. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მისივე თქმით, ორგანიზმში ტყვიის ხანგრძლივი დაგროვებისა და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, მთელი რიგი პათოლოგიები იჩენს თავს.
„თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც შეიძლება, ტყვია, გარკვეულწილად, არ მოქმედებდეს; მაგრამ მისი სამიზნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემაა, ასევე – სისხლი.
თმებში, კბილებში, ძვლებში გროვდება, გამოდევნის კალციუმს და ძვალი ხდება მყიფე , მსხვრევადი. ჰემოგლობინი მცირდება, რკინა-დეფიციტური ანემია არის მაჩვენებელი იმისა, რომ აქ, შესაძლებელია, იყოს ტყვიით ინტოქსიკაცია.
ტყვია ორგანიზმში, შეიძლება, მოხვდეს სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და, ასევე, გარკვეული რაოდენობით – კანიდანაც. ტყვია ზედმეტია ორგანიზმისთვის, მაგრამ ხვდება ორგანიზმში და ის გროვდება, რაც ყველაზე ცუდია“, – განაცხადა ღვინერიამ.
მისივე თქმით, ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ჰიპერაქტიურობა, სწავლაში ჩამორჩენა, ნერვული სისტემის პრობლემები.
„ძირითადი აქცენტი გადატანილია ბავშვებზე, ორსულებსა და მეძუძურ ქალებზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ამერიკაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი შეისწავლიდა, რამდენი იყო ტყვიის დონე დასაქმებულ ადამიანებში და მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. ჩვენთანაც უნდა იყოს ამაზე ხაზი გასმული.
ბავშვები, თავიანთი ჩამოუყალიბებელი განვითარების გამო, ვერ ახერხებენ ტყვიის გამოდევნას. ის თავს იყრის მათ ორგანიზმში, ჯერ კიდევ, დედის ორგანიზმიდან, რადგან რძითაც მიიღება. შემდეგ, ორგანიზმი გარემოში ხვდება ტყვიას. ტყვია არის სათამაშოებში, ჰაერში, წყალში, საკვებ პროდუქტებში.
არის რეკომენდაცია, რომ ყოველ ექვს თვეში უნდა გაკეთდეს ანალიზი იმის დასადგენად, თუ რა დონეზეა ტყვია ადამიანის ორგანიზმში. 10 მიკროგრამი დეციგრამში იყო ნორმა; შემდეგ დაწიეს – 5 გახადეს. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს. ბავშვის ორგანიზმი თავისუფალი უნდა იყოს ტყვიისაგან“, – განაცხადა ღვინერიამ.
მისივე თქმით, ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობს და 10-20 წელი სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოიდევნოს.
„ ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის ინტენსიური საშუალება არ არსებობს – ტყვიასთან ერთად, სხვა რამეც გამოიდევნება. უცხოეთში, როდესაც ტყვიის შემცველობა მაღალია, მაშინვე პირველადი წყაროს დადგენა ხდება“, – აცხადებს სპეციალისტი.
თამუნა შეყილაძე