პატრიარქი: ადამიანი მომზადებული უნდა იყოს მომავალი ცხოვრებისათვის (ვიდეო)

0

 

“ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მრევლს, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს, მირქმის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ ისაუბრა. „ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა: „აწ, განუტევე მონა შენი, სიტყვისაებრ შენისა“. ეს სიტყვები – „აწ, განუტევე მონა შენი“ – ყოველმა ადამიანმა უნდა თქვას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი მომზადებული უნდა იყოს მომავალი ცხოვრებისათვის. ადამიანი უნდა ემზადებოდეს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს; მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია – განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ და მშვიდობით წავიდეთ. მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის – გარდაცვალებისთვის. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში სპეციალურად, პურითა და ტკბილეულით მომზადებული სუფრა აკურთხა, რომელიც მრევლს გაუნაწილა.

კომენტარები

კომენტარი