ბავშვის სათამაშოები, ბიჟუტერია, სამშენებლო მასალები – კიდევ სად აღმოჩნდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა

0

 

ბავშვის სათამაშოებში, პლასტმასის კალამში, ბიჟუტერიაში, სამშენებლო მასალებში, კვლევის შედეგებით, ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. საქმე ეხება კვლევას, რომელიც საქართველოში ტყვიის წყაროების დასადგენად პირველად ტარდება.
კვლევისთვის სინჯები თბილისში იმ ოჯახებში აიღეს, რომლის, თუნდაც, ერთ წევრს მაინც, სისხლში ტყვიის გადამეტებული შემცველობა გამოუვლინდა. კვლევის პირველადი შედეგების შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მკვლევარმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ ტანგიაშვილმა ისაუბრა.
„რამდენიმე თვეა, აქტიურად მიდის მსჯელობა, რომ თბილისის მაცხოვრებლებს, ჭარბი შემცველობით, სისხლში ტყვიის შემადგენლობა განსაკუთრებით აქვთ. ორი თვეა, ვატარებთ კვლევას მოხალისეები, სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები, აქტივისტები; გვყავს კვალიფიციური ქიმიკოსი, მკვლევარი. დავდივართ წინასწარ იდენტიფიცირებულ ოჯახებში. დღემდე, 18 ოჯახში ვიყავით, საიდანაც სინჯები ავიღეთ. პირველი ეტაპი ჩატარებულია, კიდევ ხუთ ოჯახში მისვლას ვგეგმავთ. კვლევა მოიცავდა თბილისის თითქმის ყველა უბანს. თითოელ ოჯახში ვიღებდით სინჯებს სხვადასხვა შესაძლო წყაროსთან დაკავშირებით. დაახლოებით, 20-მდე სინჯი ავიღეთ თითოეულ ოჯახში – ეს არის სინჯები წყლიდან, ოთახის მტვერიდან, საკვები პროდუქტებიდან, საღებავებიდან – თუ ვინმეს ჰქონდა შეღებილი კედელი, კარ-ფანჯარა; ასევე – ბავშვების სათამაშოებიდან. მთავარი კითხვა გვქონდა ოჯახის წევრების მიმართ – რა არის ის საგანი, რასთანაც ყველაზე ხშირი შეხება ჰქონდათ ბავშვებს, ოჯახის წევრების და რა საკვებს მოიხმარდნენ ისინი, ძირითადად. საკვები ძალიან მრავალფეროვანი იყო: მარილი, შაქარი, სუნელები, ბურღულეული, ზეთი, კარაქი და ა.შ. ჯამურად, 200-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. ერთი კვირის წინანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიას შემოწმებული ჰქონდა 50 სინჯი, აქედან 11 სინჯში  ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა.
ყველაზე ხშირად, ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა იყო ბავშვის ნივთებში, აქსესუარებსა და სათამაშოებში. კერძოდ, აღმოჩნდა მეტალის მანქანებში, რომელიც სხვადასხვაფრად იყო შეღებილი; ასევე – ფერად პლასტმასის სათამაშო მატარებელში, პლასტმასის კალამში, გოგონას სამაჯურში. მეორე კატეგორია არის სამშენებლო მასალები, გამოყენებული როგორც ექსტერიერის, ისე – ინტერიერის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებში. დღეს, თავს შევიკავებ კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან. ამ მიმართულებით, კვლევა გაგრძელდება და მოქალაქეებს ინფორმაციას მივაწვდით – სად იყო შეძენილი მასალები. ამ ეტაპზე, 4 სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალაში აღმოჩნდა ტყვია, რაც ძალიან დამაფიქრებელია; ასევე, აღმოჩნდა ბიჟუტერიაში, კერძოდ –  საყურეში.
შეგახსნებთ, ეს არის მხოლოდ სამი ოჯახიდან აღებული 50 სინჯი. ჯამურად, არის 200-ზე მეტი სინჯი; ამას კიდევ დაემატება 5 ოჯახის და. საბოლოოდ, 300 სინჯს გადასცდება.
წყლის სინჯებსა და საკვებ პროდუქტებში, ჯერჯერობით, არ აღმოჩნდა. თუმცა, არის სხვა კვლევები, რომლებიც სახელმწიფომ ჩაატარა –  რძის პროდუქტებში ნორმასთან ძალიან მიახლოებული დოზით იყო, რაც კითხვას აჩენს. ჰაერი არ შეგვისწავლია, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ სამშენებლო მასალებში მასშტაბურადაა ტყვიის პრობლემა, მაშინ დადგება საკითხი, რომ სამშენებლო მტვერი, რომელიც ჰაერში ხვდება, არის საფრთხისშემცველი. ეს არის ის ნაწილი, რომელსაც ვეცდებით, რომ კვლევის საფუძველზე დავამტკიცოთ“, – განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.
მისივე თქმით, კვლევის საბოლოო შედეგები, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი