კახა კალაძე: თბილისში კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღიკვეთება (ვიდეო)

0

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღიკვეთება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და, პრაქტიკულად, ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომელმაც ამ საკითხზე იმუშავა.
“გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ განვითარების სწორი პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ, წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებასა და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით.
თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე, საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა გავახორციელოთ მომავალში – იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა – ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ, ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი. ჩვენ, ეტაპობრივად, მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და გვეხმარებოდნენ, თუ როგორ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, როგორ უნდა წავსულიყავით სწორი მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კონსულტაციებში. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის, ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, მაგრამ, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი, საერთო ჯამში, მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და, პრაქტიკულად, ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ არაერთი საინტერესო და სასიკეთო გადაწყვეტილება გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და მათ მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი