სართიჭალის ობელისკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის 1849 წლის ობელისკს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიიღო.
ობელისკი მინდორში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს დგას. ის ქვის სამნაწილიანი მონუმენტია, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. აღმართულია ერეკლე მეორის დროს დაწყებული ივრის არხის გაყვანის დამამთავრებელი სამუშაოების შესრულების აღსანიშნად.
ობელისკი კვადრატული პედესტალის, მრგვალი სვეტისა და სვეტის დამაგვირგვინებელი ბურთულისგან შედგება. პედესტალის ოთხივე წახნაგსა და სვეტზე ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული წარწერები გვამცნობს, რომ ივრის არხის მშენებლობა ერეკლე მეორის დროს დაწყებულა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის მეფობისა და მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობისას დასრულებულა. აქედანვე ვგებულობთ, რომ სამუშაოებს ინჟინერ-კაპიტანი, ვახტანგ ბაგრატიონ-მუხრანელი უძღვებოდა, ხოლო სამეურნეო ნაწილს თბილისელი ზალცმანი ხელმძღვანელობდა.
ობელისკი ძალზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ინფორმაციის შემცველი მონუმენტია – როგორც საქართველოში XVIII-XIX სს-ში მიმდინარე საინჟინრო-სოფლის მეურნეობის საქმიანობის თვალსაზრისით, თუ ისტორიულ პირთა მოხსენიების კუთხით, ისე – თბილისის მრავალეთნიკურობისა და აქ მოღვაწე უცხოელთა კვლევის თვალსაზრისითაც.