ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას მწვანე გარემოში ცხოვრებას ჰპირდება

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრთან, ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ირაკლი აბუსერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რაიონში დაგეგმილი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტის ფარგლებში, ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის მე-2 კვარტლის მე-5 და მე-7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი მოეწყობა, რომლის პროექტი ირაკლი აბუსერიძემ მოსახლეობას თავად გააცნო. პარალელურად,  ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის 21-ე კორპუსის წინ, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
„პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსახლეობის ინტერესებია. შეხვედრებისას, მოქალაქეები ერთ-ერთ მთავარ საკითხად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ასახელებენ. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ამ მიმართულებით, მასშტაბური კეთილმოწყობითი პროექტები ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია და მაღალი ხარისხის ინვენტარით აღჭურვა. ვაზისუბანს, უახლოეს მომავალში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება, სადაც ადამიანები კომფორტულ დასვენებას ჯანსაღ გარემოში შეძლებენ. ჩვენს რაიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ გახდეს დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული, საცხოვრებლად სასურველი, თანამედროვე, მწვანე უბანი“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები