თბილისში, ფოთის თეატრის საგასტროლო წარმოდგენა – „ფიროსმანი“ დაიდგმება

16 თებერვალს, 19:00 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისში, აბრეშუმის თეატრში,  საგასტროლო წარმოდგენას –  „ფიროსმანს“ გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია თეატრალურ პრემია „დურუჯი – 2018-ის” მფლობელი, ელენე მაცხონაშვილი.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლებულია დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. სპექტაკლი მიეძღვნა ფიროსმანის გარდაცვალებიდან ას წლისთავს. სპექტაკლში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი;
თოჯინების მხატვარი – ვახო ქორიძე;
სცენოგრაფი – გურამ მაცხონაშვილი;
მუსიკა – დები იშხნელები / HAMATSUKI.
მონაწილეობენ: ანი ანდღულაძე, ალიკა ცეკვაშვილი, ირაკლი კვერღელიძე, ნიკა კვარაცხელია.
ხანგრძლივობა – 40 წუთი (უანტრაქტოდ).

სპექტაკლის შესახებ: ვიკიპედია ამბობს, რომ ცნობები ნიკო ფიროსმანის შესახებ, უმეტესად, შეკრებილია მისი სიკვდილის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მითების მოყვარულ თბილისში, დღეს, უკვე შეუძლებელია, ფიროსმანზე თქვა: „მე ეს ვიცი“. ამიტომ, როცა ქართველები ფიროსმანზე ვყვებით, ვიწყებთ სიტყვებით: „ლეგენდის თანახმად“.
ლეგენდის თანახმად, ყურებამდე შეყვარებულმა ნიკო ფიროსმანმა, 1905 წელს, თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულ ფრანგ აქტრისას, მარგარიტა დე სევრს, სასტუმროს წინ, ალისფერი ვარდებით სავსე რამდენიმე ურემი დაუყენა.
ლეგენდის თანახმად, ფიროსმანი ბევრს ხატავდა, მაგრამ ხალხი მისგან სარეკლამო აბრებს უფრო ხშირად ყიდულობდა. მისი ნახატების მსგავსად, სპექტაკლის „ფერი“ თითქმის მონოქრომულია, ძუნწი. საკუთარი პერსონაჟების მსგავსად, ჩვენი თოჯინების განლაგებაც, უმეტესად, ფრონტალურია. არც მათი სახეები გვკარნახობს კონკრეტულ განწყობას და საკმარის სივრცეს გვიტოვებს ფიქრების ასაშლელად, ფანტაზიის გასაწვალებლად…
ლეგენდის თანახმად, აქტრისა მარგარიტა  სასტუმროდან გამოვიდა და ნიკო ფიროსმანს მხურვალედ აკოცა ტუჩებში – პირველად და უკანასკნელად. ესეც ლეგენდის თანახმად.

სპექტაკლის აღწერა: სამი თოჯინა და ოთხი მსახიობი ცნობილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიყვება მინიმალური ტქსტით, მუსიკითა და მხატვრის ნახატების ილუსტრირებით. სპექტაკლისთვის შექმნილი თოჯინები ნოვატორულია და მათი გამომსახველობითი უნარები ადამიანის შესაძლებლობებთან მაქსიმალურად მიახლოებულია. სპექტაკლი „ფიროსმანი“, თოჯინური დარგის განვითარებასთან ერთად, კონკრეტული მხატვრისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა.
პრემიერა  ფოთში, 2018 წლის 22 ნოემბერს შედგა.

მის: კოსტავას 59.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები