საქსტატი: 2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

2018 წელს, საქართველოში, ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით გახორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
მათივე ინფორმაციით, შემოსულთა უდიდესი ნაწილი – 44.5 პროცენტი – 31-50 წლის ასაკის მოგზაური იყო. ვიზიტორთა 39.7 პროცენტი ქალია, ხოლო 60,3 – პროცენტი მამაკაცი. 2018 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.4 პროცენტით არის გაზრდილი. 2018 წელს, ყველაზე მეტი – 1,204.3 ათასი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.9 პროცენტს შეადგენს და, 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 25.9 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
გასულ წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების უმრავლესობა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. 2018 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტი – 42.7 პროცენტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა. უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სტუმრობდა.
ასევე, შარშან, საქართველოში ვიზიტორის ყოფნის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 4.2 ღამე იყო, რაც, 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე), ორი პროცენტით ნაკლებია. ამასთან, აღსანიშნია, რომ გახორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი გამეორებითი ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები