„ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი – თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე დღეს არის”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. თამარ ხულორდავამ, საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. შეფასება არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალურმა კოალიციამ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გაახორციელა.
ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე ასოცირების დღისწესრიგში და 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და ხარისხი. მასში ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
პრეზენტაცია გახსნა ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
„დღეს, ყველა აქ შეკრებილ ადამიანს ერთი მიზანი გვაერთიანებს – თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე დღეს არის. სამოქალაქო საზოგადებასა და პარლამენტს ასოცირების შეთანხმების ზედამხედველობის პროცესში, შეიძლება ითქვას, საერთო დატვირთვაც გვაქვს: ჩვენ ვცდილობთ, მონიტორინგით ხელი შევუწყოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, დროულად და ზედმიწევნით შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საერთო შეფასება ის არის, რომ საქართველო კარგად ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება. მიმდინარე რეფორმების კრიტიკული ანალიზი საჭიროა, რათა ყველა საყურადღებო საკითხი დროულად დადგეს ხელისუფლების დღისწესრიგში. ვაცნობიერებთ რა, რომ დროში გარკვეული ჩამორჩენა არსებობს, რეფორმები იმდენად მასშტაბური საკანონმდებლო ინიციატივებია, რომ უფრო მნიშნელოვანია, კონსულტაციების შედეგად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, თუნდაც – მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ხარისხიანად გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები