საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით, 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიიმართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად. უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად გახორციელებას; ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და, ამავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
აღსანიშნია, რომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით, უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი; ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით, დაახლოებით, 4.3 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში), ასევე – საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში, ცხოვრების ჯანსაღი წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის გახორციელებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები