ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები თბილისის გენგეგმის ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თბილისში სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება-განვითარებისა და ქალაქგეგმარების ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგოდ მიმდინარე მშენებლობების აღკვეთის მიმართულებით, აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
სწორედ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ მასალებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ფრაქციის თავმჯდომარე – ბიძინა გეგიძე, ასევე, ფრაქციის წევრები: ირაკლი აბუსერიძე და კობა ნაკაიძე, თბილისის გენგეგმის ერთ-ერთ ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა გენგეგმის საბოლოო ვარიანტში ზონების განსაზღვრის საფუძვლები და პრინციპები, ასევე – ზონალობების ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები. მხარეებმა ღიად დააფიქსირეს, რომ თბილისში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს მწვანე სივრცეების არარსებობა, სარეკრეაციო ტერიტორიების ოკუპაცია მრავალბინიანი კორპუსების მიერ და, ფაქტობრივად, გაქრობის ზღვრამდე მისული სპორტული სივრცეები და ტერიტორიები.
შეხვედრისას მხარეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ქალაქის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, მასშტაბური მშენებლობების პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაპირისპირება, ასევე – კანონსაწინააღმდეგო და დარღვევებით მიმდინარე სამშენებლო პროექტები მეწყერსაშიშ და გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე.
ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, თბილისში მიმდინარე უკონტროლო, ქაოსური მშენებლობები მოწმობს, რომ საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესების ხარჯზე კომერციული სარგებლის მიღების მცდელობა და სურვილი უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. როგორც ბიძინა გეგიძემ განაცხადა, „მხოლოდდამხოლოდ იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ წარმოადგენს გასათვალისწინებელ არგუმენტს კეთილსინდისიერი ქმედებისთვის, სწორედ საკანონმდებლო დონეზე გაწერილმა პრინციპებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ პრინციპების გახორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის საზიანოდ მიმდინარე მშენებლობების შეჩერებასა და, შემდგომ, სწორ ურბანულ განვითარებას.“
ფრაქციის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ სწორედ მზიურის ტერიტორიაზე მიწის გასხვისების, ფიზ. კულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ დაწყებული, თუ ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში, მდინარის ჭალაში მიმდინარე მშენებლობების მსგავსი მაგალითები უპირისპირდება საჯარო სივრცეების მდგრადი, ჯანსაღი განვითარების მიზნებს. არაჯეროვნად სივრცეების გამოყენებას კი დამანგრეველი შედეგები მოაქვს ქალაქის ეკოლოგიური გარემოსთვის და არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.
მერაბ ბოლქვაძე დაეთანხმა ფრაქციის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის სწორი ურბანული განვითარება გრძელვადიანი და დროში გაწერილი პროცესია, რომელსაც თავად ქალაქის მხრიდან ინიციატივის აღება, სწორი პროექტების დაგეგმვა და გახორციელება სჭირდება. როგორც ბოლქვაძემ განაცხადა, „პრობლემურია თბილისის მწვანე ლანდშაფტური არეალების განვითარება, რადგან ყველა თავისუფალი სივრცე ერთი კონკრეტული – მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის მიზნისთვის გამოყენება. აუცილებელია, მოხდეს საზოგადოებრივი და ქალაქის იერ-სახის შენარჩუნების ინტერესების გათვალისწინება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისი არა ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის მიმართულებით, არამედ კონკრეტული ინვესტორების ინტერესებს მორგებული სცენარით განაგრძობს განვითარებას.“
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ზონალობა იცვლება და გაცილებით მკაცრი რეგულირების ფარგლებში ექცევა სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი რიგი ტერიტორიები. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გენერალური გეგმის შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილებები მისაღები იქნება ქალაქის მთავრობისთვის და რომ პარლამენტისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოიპოვებს ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სწორედ მდგრადი ურბანული განვითარების მიზნებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები