“ჩვენი მიზანია, სოფლებში მოქალაქეებმა შეძლონ, ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებითა და სერვისით”

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს ხელმისაწვდომობა  ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სოფელ უდაბნოში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ადგილობრივებს ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ უბადნოს საზოგადოებრივი ცენტრი, კახეთის რეგიონში, რიგით მეთორმეტეა.
„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, ჩვენმა, რაც შეიძლება, მეტმა  მოქალაქემ, ჩვენს რეგიონებსა და სოფლებში, შეძლოს, ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებითა და სერვისით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი. შესაბამისად, ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენს ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა.
„ამ მიმართულებით, სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს, საქართველოს, მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და, რამდენიმე კვირაში, გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას. თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ, ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახითა და უფასო ინტერნეტით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა – არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები –  ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ამ სერვისებზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც მომხმარებლებს თავიანთ მომსახურებას შესთავაზებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რომ პენსიონერები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, პენსიას ადგილზე მიიღებენ. აქვე მინდა ,ხაზი გავუსვა, რომ თქვენს სოფელს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. სამწუხაროდ, ბევრი ინფრასტრუქტურული ხარვეზი არსებობდა იმისთვის, რომ თქვენ სრულად გქონოდათ შესაძლებლობა, გესარგებლათ ამ ტურისტული პოტენციალით.
იცით, რომ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის. მაგრამ, ამავე დროს, სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით – საავტომობილო გზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით. აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, რომ ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. მე გპირდებით, რომ თითოეული თქვენგანი, უახლოეს მომავალში, საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება. ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება და, ეტაპობრივად, მოიცავს მთელ საქართველოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეტი სიახლე და თანამედროვეობა შევიდეს სოფლად, ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობები გახდეს სულ უფრო კომფორტული და მივაღწიოთ წინსვლას ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები