საგარეჯოში, კოჭბაანის კვირაცხოვლის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც ინდივიდუალურმა მეწარმემ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდი“ აწარმოა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა (ფონდი „ქართუმ“) დააფინანსა.
რკინა-ბეტონის კონსტრუქციით კაპიტალურად გამყარდა ეკლესიის საძირკველი და მოეწყო მისი საყრდენი კედელი. რთული ხსნარის გამოყენებით კლდოვანი ნატეხი ქვით აღდგა ნაგებობის გამჭოლი ბზარები. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობის გამოქარულ ადგილებზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და უწინდელ ადგილებზე დამაგრდა. კლდოვანი ჯიშის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით აღდგა ეკლესიის საფასადო წყობა. ინტერიერში მოეწყო ლავგარდანი. ეკლესიის სახურავი კი ღარიანი კრამიტით დაიფარა. თხელი ფლეთილი ქვით მოეწყო იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა ხის ავთენტური ფორმის კარი.