ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე, ლოს-ანჯელესში, Spotlight Award-ის მფლობელი გახდა
ASC Awards-ი ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს 33-ედ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.
როგორც “კვირას” ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ერთ-ერთ ნომინაციაში – Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე, ზაზა ხალვაშის ფილმისთვის „ნამე”. მის გარდა, ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების – Girl და The Rider ოპერატორები. გამარჯვებული და Spotlight Award-ის მფლობელი სწორედ გიორგი შველიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 7 საათზე გაიმართა, რომელსაც, პირდაპირი ეთერის მეშვეობით, არაერთი მაყურებელი ადევნებდა თვალს. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Spotlight Award-ი ქართული ფილმისთვის გაიცემა. 2017 წელს იგივე ჯილდო Gorka Gomez Andreu-მ მიიღო, რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი”.