თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ პრემიერა გაიმართება
15 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „დონ კარლოსის“ დამდგმელი რეჟისორია ჩეზარე ლიევი, დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი მაურიციო ბალო. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და სტაჟიორები, ისე მოწვეული უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.
„დონ კარლოსის“ საპრემიერო ჩვენებები 15, 16, 17, 23, 24 თებერვალს გაიმართება.
თბილისელმა მაყურებელმა „დონ კარლოსი“ პირველად 150 წლის წინ, 1869 წლის 24 იანვარს, „ქარვასლის“ თეატრი სცენაზე იხილა, მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ.
ჯუზეპე ვერდიმ „დონ კარლოსი“ პარიზის „გრანდ ოპერას“ დაკვეთით ფრიდრიხ შილერის დრამატული პოემის „დონ კარლოსი: ესპანეთის უფლისწულის“ მიხედვით შექმნა. ოპერის პრემიერა პარიზში, 1867 წლის 11 მარტს, Salle Le Peletie-ში შედგა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დონ კარლოსი“ ბოლოს 2004 წელს შესრულდა (რეჟისორი გურამ მელივა). 15 -წლიანი პაუზის შემდეგ ვერდის „დონ კარლოსი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ამჯერად პარმის თეატრო რეგიო-ს 2018 წლის დადგმით.
„ეს „დონ კარლოსი“ აბსოლუტურად წარმატებული დადგმაა. ჩვენ ვხედავთ სპექტაკლს, სადაც ვიზუალური მხარე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიყვება მუსიკალურ პარტიტურას. წარმოდგენა სრულად წარმოაჩენს მუსიკასა და ტექსტში არსებულ დრამატიზმს… დამდგმელები აცოცხლებენ ამ ბრწყინვალე ნაწარმოებს, წარმოადგენენ რა მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ბნელით მოცულ სამეფო კარს და ინკვიზიციას“.
ჯორჯო დე მარტინო, ჟურნალი „Sipario“, 22 აპრილი, 2017 წელი.