გრაფიკოსი და ფერმწერი ზურაბ ხაბაძე გარდაიცვალა

 გარდაიცვალა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატი, გრაფიკოსი და ფერმწერი ზურაბ ხაბაძე. ინფორმაციას აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს.
ზურაბ ხაბაძე დაიბადა 1945 წლის 26 აგვისტოს ბათუმში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1979 წელს დაასურათა ფირდოუსის „შაჰ- ნამე“, 1983 წელს იაკობ ცურტაველის საიუბილეო გამოცემისათვის 8 ილუსტრაცია „შუშანიკის წამება“. 1983 წელს მოხატა ილია ჭავჭავაძის სახ.დრამატული თეატრის ფარდა „ოქროს საწმისი“. 2005 წელს გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც მისი ილუსტრაციები შევიდა. 1997 წელს სტამბოლში დაიბეჭდა ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებების რჩეული ზ.ხაბაძის რამდენიმე ილუსტრაციით. მან აგრეთვე დაასურათა ზურაბ გორგილაძის ლექსები და შექსპირის „მეფე ლირი“. 1970 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. 2018 წელს სტამბოლის შოთა რუსთაველის სახ.კულტურის ცენტრს საჩუქრად გადასცა ერთი გრაფიკული ნამუშევარი ილუსტრაცია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
ზურბ ხაბაძის ღვაწლი განუზომელია სამშობლოს წინაშე, მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ახლობლებისა და მეგობრების გულებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები