“ახალგაზრდა ადვოკატები”: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო დავა წააგო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებული განცხადება ცილისწამებად შეფასდა და პოლიტიკოსს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერად ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა.
როგორც „კვირას“ „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავა შემდეგ გარემოებებს ეფუძნებოდა:
ორგანიზაციამ 2015 წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.
17 თებერვალს, პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა. სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“.
პოლიტიკოსის განცხადება უცვლელად განთავსდა სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოზე.
ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცხადება გააკეთა და ზურაბ ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და ნდობის საკითხზე იქონია. ორგანიზაცია, სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის განმარტების დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა აზრს, ხოლო ორგანიზაციის სარჩელი იურიდიულად ვერ ამართლებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცხადება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 23 მარტს მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. დავას ორგანიზაციისთვის პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები