ანა დოლიძე: საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში

მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომლისთვისაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ის ბრძოლა, რომელშიც ახლა ხალხთან ერთად არის ჩართული, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
“ჩვენთვის ყველა მოქალაქის ხმა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანის ჯაფა, რომელიც დღეს აქ იყო მოსული, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამის გარეშე, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვერაფერს მივაღწევთ. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომლისთვისაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა დაახლოებით, ორი წლის წინ დაიწყო და დღეს ის ძალას კრეფს. მიხარია, რომ ჩვენ „შავი სია” გავაჩერეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის იმ ხალხის, ვინც დღეს აქ მოვიდა და სიცივეში იდგა, მოქმედების მეშვეობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძე მოსამართლეებს ურჩევს, რომ თავიანთ უფლებამოსილებას საბჭოში ფრთხილად და სერიოზულად მოეკიდონ.
„ე.წ კლანი ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის. იმდენად უგვანოდ მოიქცნენ, ყველამ გაიგო რა ბუდობს ამ შენობაში. რა თქმა უნდა, „კლანს” ეშინია საზოგადოებრივი წნეხის, ყურადღების, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყურადღება კიდევ გაგრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბრძოლა ამ შენობიდან გავიდა და ამაზე საუბარია პარლამენტში, სახლებში, ყველა ტელევიზიაში. ამის შემდეგ, ვურჩევ მოსამართლეებს, რომ ფრთხილად და სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უფლებამოსილებას საბჭოში, რადგან მათი უგვანო ქცევები გაირჩევა სახლებში, ყველა ტელევიზიასა და პარლამენტში”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები