ნატა ფერაძე: მზად ვართ, ვაკის პარკი, ისევ იმავე შემართებით, იმავე მეთოდებით დავიცვათ
თუ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, „პარტიზანი მებაღეები“ მზად ვართ, პარკი, ისევ იმავე შემართებით, იმავე მეთოდებით დავიცვათ, – ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატა ფერაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაა გამორიცხული ვაკის პარკში კარვები კვლავ დაშალონ. როგორც ფერაძემ თქვა, „თუ მშენებლობის ნებართვა გაიცემა, აუცილებლად იქნება ფიზიკური ხელის შეშლა“.
ნატა ფერაძის თქმით, ისინი მერიას მიმართავენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს.
„გუშინ ვუსმინეთ კალაძის განცხადებას, ის არ არის საქმის კურსში, თუ რა ხდება. მან თქვა, რომ ინვესტორმა მოიგო მშენებლობის უფლება. ეს არის შეცდომა ან შეგნებული ტყუილი. ჩვენ გავასაჩივრეთ გიგი უგულავას მიერ გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმება, რაზეც სასამართლომ ძალიან უკანონოდ და დიდი ვარაუდით, კორუფციული გარიგებით განაცხადა, რომ ეს იყო დაშვებული. არაერთ იურისტთან გავიარეთ კონსულტაცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშნებლობის უფლება აქვს ინვესტორს. მშენებლობის უფლება ინვესტორს ამოეწურა 2016 წელს, მერია ვალდებულია, თავიდან განიხილოს პროექტი. მერიიდან ჟონავს ინფორმაცია, იქ იყო საუბრები იმაზე, რომ საუბრობენ მხოლოდ მასშტაბის შემცირებაზე, ამაზე მეტყველებს მაია ბითაძის და კახა კალაძის განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ იქ არ აშენდება 7-სართულიანი სასტუმრო, რა აშენდება – ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას.
„პარტიზანი მებაღეები“ მზად ვართ, ვაკის პარკი, ისევ იმავე შემართებით, იმავე მეთოდებით დავიცვათ, კანონი ამჯერადაც ჩვენს მხარესაა, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ის ნებართვა არის ანულირებული და ახალი ნებართვის გაცემა მერიამ თუ გააკეთა, იქნება კანონდარღვევით. ეს არის სარეკრეაციო ზონა. სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის გაცემაზე უარის თქმა – ეს არის სრული კანონიერება მერიის მხრიდან.
თუ მშენებლობის ნებართვა გაიცემა, აუციულებლად იქნება ფიზიკური ხელის შეშლა.
ჩვენ სრულიად ვემორჩილებით კანონს. პროტესტი არის გამოხატვის კანონიერი უფლება. მშენებლობით პარკს რომ ზიანი მიადგება, ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. ხეები გაიჩეხა. პარკში ამხელა ინფრასტრუქტურის დამატება, რომელზეც უნდა იყოს მანქანების მოძრაობა, მშენებლობა, სრულიად დაუშვებელია. ჩვენი მოთხოვნაა, ან ადგილმონაცვლეობა გააკეთოს მერიამ, ან თანხით გამოისყიდოს ტერიტორია. ჩვენ არ გვინდა, რომ ბიზნესმენის დისკრიმინაცია მოხდეს, თუმცა, ქალაქის ხარჯზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუწყობთ მას ხელს.
დღეს მივმართავთ მერიას, დაინტერესებული მხარეები:“ მწვანე ალტერნატივა“, „ ინიციატივა უსაფრთხო სივრცისთვის“ და „პარტიზანი მებაღეები“, რომ მოხდეს გაერთიანებული შეხვედრა . ჩვენი იურისტები დაელაპარაკებიან იურიდიული ენით მერიას იმის შესახებ, თუ რა ბერკეტები აქვთ მათ“- განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერიაში სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.
„მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, – ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”, – განაცხადა ზაქაიძემ.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვაკის პარკში, 30-მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გასცეს.
„ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.
“მწვანე ალტირნატივის” განცხადებით, თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აქტივისტები აპროტესტებდნენ. ისინი პერმანენტულ აქციებსაც მართავდნენ, ვაკის პარკში გაშლილი ჰქონდათ კარვები, ხოლო მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი, რათა ინვესტორს მშენებლობა არ გაეგრძელებინა.
თამუნა შეყილაძე