ელ სალვადორმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა ელ სალვადორში ვიზიტი გამართა და სამშვიდობო შეთანხმების 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს ელჩმა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარლოს კასტანედასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებაზე, ასევე ელ სალვადორსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20-წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას.
ვიზიტის ფარგლებში 18 იანვარს ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორმან კიხანოსთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის – SICA-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს – აღმასრულებელ დირექტორ ვერნერ ვარგასს და საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ ედგარდო სანდოვალს. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსთან, როგორც SICA-ს დამკვირვებელ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებები და უახლოესი სამოქმედო გეგმები.