“ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართულიც“ – რას აცხადებს დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული
“ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართულიც, არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში” – ამის შესახებ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვაზელ მამადიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
“ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართულიც. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ იყო“, – განაცხადა ვაზელ მამადიანმა.
ამის შემდეგ მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულს შემდეგი კითხვით მიმართა:თუ არ დაფიქსირდა არაფერი, მაშინ რამ გამოიწვია აფეთქება? ბრალდებულმა მოსამართლეს უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა.
„ჩვენ რომ შევამოწმეთ, არც სუნი იყო და არც აპარატმა აჩვენა. არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. სავარაუდოდ, შეიძლება, იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა“,-აღნიშნა მამადიანმა, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებული თავისივე სიტყვების საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამდა.
„თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!“ – მიმართა მან მამადიანს.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.