სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, ჯარიმის გადახდა დაეკისროს
სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, ჯარიმის გადახდა დაეკისროს. ეს საკითხი საქალაქო სასამართლომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის სარჩელის განხილვის შედეგად უნდა გადაწყვიტოს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში აქტივობებს, რომელიც აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულობად შეაფასა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მოძრაობის – „არა ნაციზმს“ და მოძრაობის – „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობები სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკანონო შემოწირულობად შეფასდა.
აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობა „სამართლიანი არჩევნებისა“ და მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლა. კერძოდ, მოძრაობის – „არა ნაციზმს“ მიერ დაქირავებულ ოფისთან დაკავშირებით, გამოიკითხა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ შვიდი პირი. ხარჯი 8 160 ლარის ოდენობით ჩაითვალა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად, რის საფუძველზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შეისწავლეს მოძრაობის – „არა ნაციზმს“ მიერ ამომრჩევლების ტრანსპორტირების საკითხი, რაზეც 9 200 ლარი დაიხარჯა.
„ხარჯი, სრული ოდენობით, ჩაითვალა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
რაც შეეხება მოძრაობას – „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობებს, საქართველოს მასშტაბით განთავსებული ხუთი თეატრიდან მიღებული დოკუმენტაციით, დადგინდა, რომ ღონისძიებების ხარჯმა შეადგინა 16 400 ლარი. ეს ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად ჩაითვალა. აღნიშნული ფაქტების გამო, აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სამივე ფაქტზე სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, 67 520 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისროს.