ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული ნ.წ. დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ლ.ლ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ნ.წ.-ს ფეხის არეში დაზიანება მიაყენა. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ ლ.ლ.-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ნ.წ.-მ გამოძიების ეტაპზე, ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდგომ დაზარალებულის სახით დაკითხვისას, საგამოძიებო ორგანოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თითქოსდა ლ.ლ.-ს მისთვის არ უსვრია და ფეხის არეში დაზიანება სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით თვითონ მიიყენა.
ნ.წ.-ს ბრალდება 2018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, -აცხადებენ პროკურატურაში.