„ალავერდის მონასტრის ტერიტორიაც მშვენდება“ (ფოტოკოლაჟი)
„ალავერდის მონასტრის ტერიტორიაც მშვენდება. ეს არის კარგი მაგალითი, ეკლესიის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის“, – ასე ეხმაურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ალავერდის კომპლექსის რესტავრაციის პროცესს.
2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG-სთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც კომპანია RMG, 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის: ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რესტავრაციის პროცესში ჩაერთვება.