„მიუხედავად სიცივისა, უჯარმაში სამუშაოები განახლდა“ (ფოტოკოლაჟი)
„მიუხედავად სიცივისა, უჯარმაში განახლდა სამუშაოები“, – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს. ანთიძე უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოების პროცესის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.
უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.