ლონდონში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

23 იანვარს, ლონდონში,  „სააჩი“ გალერეაში, მხატვრის, მოქანდაკის და არქიტექტორის, ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები.
Saatchi Gallery-ის  ინფორმაციით, გამოფენის თემაა „უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე“.
გალერეის ვებგვერდის ცნობით, ზურაბ წერეთელი დაუღალავი ექსპერიმენტატორი და მრავალი ინოვაციური ნაშრომის ავტორია ფერწერისა და გრაფიკის, ბრინჯაოს, მინანქრის, ვიტრაჟის, გობელენის, კერამიკის სფეროში. ამავდროულად, მან შემოქმედებითი ენერგიის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას, განათლებასა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოახმარა.
ზურაბ წერეთელს 4 იანვარს 85 წელი შეუსრულდა. იგი არის რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი, მადრიდის სან-ფერნანდოს  ნატიფი ხელოვნების აკადემიის აკადემიკოს-კორესპონდენტი, საფრანგეთის (ე.წ. უკვდავთა აკადემია) ნატიფი ხელოვნების წევრ-კორესპონდენტი, ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მოქმედი წევრი (ავსტრია), იუნესკოს კეთილი ნების ელჩი…  ასევე სხვადასხვა პრემიისა და წოდების ლაურეატი.
მისი ნამუშევრების საუკეთესო ათეულშია:  პეტრე პირველის ძეგლი (1997, მოსკოვი), მემორიალი „მწუხარების ცრემლები“ (ნიუ-ჯერსი აშშ, 2011), „ახალი სამყაროს დაბადება“ (არესიბო, პუერტო-რიკო – 2016), „საუკუნო მეგობრობა“ (1983 წელი, მოსკოვი), „გამარჯვების მონუმენტი“ (მოსკოვი, 1995 წელი), „თავისუფლების მონუმენტი“ (თბილისი, 2006 წელი), მონუმენტი „საქართველოს ისტორია“(თბილისის ზღვა, 1985 წელი), „ახალი ადამიანის დაბადება“ (ესპანეთი, სევილია 1995)…
ზურაბ წერეთლის ნამუშევრების გამოფენა ლონდონში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

   

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები