მიხეილ ბატიაშვილი: „ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, არსებული ვითარება მალე მოწესრიგდება“
მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტერთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა და არსებული ვითარება მალე მოწესრიგდება.
„ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია – ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
ორი დღის წინ მცხეთაში ჯვრის მონასტერი, წინამძღვრის გადაწყვეტილებით, დაკეტეს. სასულიერო პირები მონასტერში ტურისტებს და მომლოცველებს არ უშვებდნენ. ტაძრის დაკეტვის მიზეზად მოუწესრიგებელი გარევაჭრობა დასახელდა, რომელიც ტურისტებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნიდა.