ფოლკლორული ანსამბლი ,,სახიობა“ საანგარიშო სოლოკონცერტს გამართავს
23 იანვარს, 19:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლი ,,სახიობა“ მე-9 საანგარიშო სოლოკონცერტს წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, ღონისძიება იქნება ორგანყოფილებიანი, შესრულდება ქართული ტრადიციული მუსიკის 12 ნიმუში და მსოფლიოს ხალხთა პოლიფონიური მუსიკის 10 სიმღერა.
ანსამბლი „სახიობა“ დაარსდა 2006 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტების მიერ. გუნდს სათავეში ჩაუდგა ეთნომუსიკოლოგი მალხაზ ერქვანიძე.
„სახიობამ“ დაარსების დღიდანვე წარმოაჩინა ავთენტურ საშემსრულებლო მანერათა მრავალფეროვნება, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვით ქართული უნიკალური მრავალხმიანობა. გუნდის წევრები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო პრაქტიკულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. ისინი ატარებენ ექსპედიციებს სხვადასხვა კუთხეში, აგროვებენ უნიკალურ ნიმუშებს, წერენ სამეცნიერო სტატიებს და ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას თავიანთ გუნდებსა და სკოლებში.