იერუსალიმში ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა

იერუსალიმში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 20 იანვარს, 17:00 საათზე, იერუსალიმის დასახლება „ნევე იაკოვის“ ერთ-ერთ საუკეთესო საქალაქო ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკაც დაიდებს ბინას.
„საქართველოს საელჩოს პატივი ერგო წილად, ერთ-ერთს პირველს ემცნო საზოგადოებისთვის, ისრაელის წმინდა მიწაზე, სადაც ქართული კულტურის კვალი ჯერ კიდევ თბილია, ახალი, ჭეშმარიტად ისტორიული ფაქტის შესახებ:
20 იანვარს, 17:00 საათზე, იერუსალიმის დასახლება „ნევე იაკოვის“ ერთ-ერთ საუკეთესო საქალაქო ბიბლიოთეკაში, საქართველოდან ამოსული ორი ღვაწლმოსილი მეცნიერის, გერშონ ბენ-ორენისა (წიწუაშვილი) და შოთა იაკობაშვილის ინიციატივით, ქართულ, ებრაულ, რუსულენოვან და სხვ. მკითხველისათვის პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება.
ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს, ჯერჯერობით, მისი დამაარსებლების მიერ ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადაცემული პირადი ბიბლიოთეკები წარმოადგენენ. ფონდი მოიცავს მხატვრული ლიტერატურის, რელიგიის, მუსიკის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ეთნოგრაფიისა თუ სხვა სფეროს ერთობ საინტერესო მასალებს. საქართველოს საელჩო აღტაცებით უერთდება ამ საშვილიშვილო ინიციატივას, წიგნებით ხელდამშვენებული მიიღებს მონაწილეობას ბიბლიოთეკის გახსნაში და შემდგომაც აქტიურად იზრუნებს ისრაელში პირველი ქართული ბიბლიოთეკის გამდიდრებისა თუ განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები