ჭიათურაში მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
დასრულდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ უსახელოს მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის რესტაცავრაციის სამუშაოები. რესტავრაცია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით, სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, საძირკვლისათვის მოიჭრა მიწა ეკლესიის მთელ პერიმეტრზე. ტაძრის ოთხივე ფასადზე გადაეწყო საპირე წყობა,რისთვისაც გამოყენებულ იქნა ახალი ქვები და კირდუღაბის ხსნარი. გაიწმინდა ეკლესიის შიდა ძველი კედლების საპირე წყობა და ამოივსო გამოქარული ღარები კირხსნარით. კონქისა და კამარის გასაყართან მოხდა თაღის გადაყვანა კარიერული წესით მოპოვებული ავთენტური ტიპის ქვა-მასალით. ტაძარი კი გადაიხურა ქართული კრამიტით.
ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ,კარების თავზე მოეწყო არქიტავრის ქვა, ინტერიერში კი იატაკის დასაგებად გამოყენებულ იქნა კლდის ქვები. სპეციალურად ტაძრისთვის დამზადდა და დამონტაჟდა ჯვარი, კარები კი ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით იქნა დამზადებული.ეკლესიის გარშემო კლდის ქვების გამოყენებით მოეწყო გალავანი.
სოფელ უსახელოს მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები ი/მ „ჯუმბერ ცუიშვილმა“ შეასრულა.