საფოსტო გზავნილების ფასი გაძვირდა – რას უკავშირებენ ტარიფის ზრდას „საქართველოს ფოსტაში”

„საქართველოს ფოსტა“ საფოსტო გზავნილებზე ტარიფის გაზრდას საწვავის ფასისა და ვალუტის კურსის მომატებას უკავშირებს, – ამის შესახებ „კვირას“ „საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„საფოსტო პროდუქტების ტარიფი, ასევე, დამოკიდებულია საწვავის ფასსა და ვალუტის კურსზე.
2016 წლიდან დღემდე ბენზინის ფასი, საშუალოდ, 26%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელის – 60%-ით, ამასთან, ინფლაციის საშუალო მიზნობრივი მაჩვენებელი ყოველწლიურად 3%-ს შეადგენს“, – აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.
ამასთან, „საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საფოსტო გზავნილებზე ფასის მომატება კი არ მოხდა, არამედ დღემდე არსებული ფასები დაკორექტირდა.
„წელს, კომპანიამ ფასთა კორექტირება მოახდინა, რაც ძირითად შემთხვევაში, მომსახურების და გზავნილთა დახარისხების მაღალი სტანდარტების დანერგვით, რიგი საოპერაციო ხარჯების ზრდით და სავალუტო ინფლაციითაა განპირობებული.
ფასთა კორექტირება შეეხო ყველა კატეგორიის საფოსტო გზავნილს, თუმცა “საქართველოს ფოსტამ” შეძლო დაებალანსებინა პროცესი და რიგ შიდა საფოსტო პროდუქტებზე ფასი შეამცირა.
მაგალითად, 20%-ით შემცირდა მცირე პაკეტის ღირებულება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საფოსტო პროდუქტია.
რაც შეეხება ე.წ. 3-ლარიან ამანათს, რომელზეც მედია აპელირებს და აანონსებს მისი ღირებულების 4-ჯერ ზრდას, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აღნიშნული პროდუქტის ტარიფი – 3 ლარი, წარმოადგენდა სააქციო შეთავაზებას, აქედან გამომდინარე მისი ღირებულება არ გაზრდილა, მხოლოდ დასრულდა სააქციო პერიოდი და ფასი აქციამდე ნიშნულს დაუბრუნდა.
საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების ფასი 20%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის სტანდარტის შესაბამისი საბოლოო ანგარიშსწორების კონვენციის 29-ე მუხლით განსაზღვრული ტარიფების მიხედვით რეგულირდება, რომელიც ყოველწლიურად, საშუალოდ, 5%-ით მზარდია. ასევე, საერთაშორისო გზავნილების ფასთა ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენს სავალუტო ინფლაცია, ვინაიდან ანგარიშსწორება პარტნიორ საფოსტო ოპერატორებთან უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.
სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა და კომპანიის საოპერაციო ხარჯების ზრდამ გამოიწვია საფოსტო პროდუქტებზე ფასნამატი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “საქართველოს ფოსტა” ითვალისწინებს საკუთარ პასუხისმგებლობას მომხმარებელთა მიმართ და ინარჩუნებს ყველაზე დაბალი ფასის პოლიტიკას სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურენტ კომპანიებთან მიმართებაში“, – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „კვირას“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, “საქართველოს ფოსტა” წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობა, მომხმარებლის უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფაა. “საქართველოს ფოსტა” ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, აძლევს საშუალებას ისარგებლოს საერთაშორისო სტანდარტის სერვისებით და ყველა იმ საფოსტო პროდუქტით, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ. კომპანია გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით “საქართველოს ფოსტის” 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 2 800-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები