„გილოცავთ თეატრის დღეს, ვანოს ვულოცავ ვარსკვლავის გახსნას“…

„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ თეატრის დღეს, ვანოს ვულოცავ ვარსკვლავის გახსნას“, – ასე იწყებს ფეისბუქსტატუსს პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის გუშინდელ ღონისძიებებს ეხმაურება.
„ჩემი ბავშვობის ქალაქი ერთ-ერთი პირველი თეატრალური ქალაქია საქართველოში. ჯერ კიდევ მეფე ერეკლეს დროს იმართებოდა პირველი სპექტაკლები… თელავის თეატრში გამოდიოდნენ ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატები: ნ. გაბუნია-ცაგარელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ა. იმედაშვილი და სხვა. მე კარგად მახსოვს პ. ახვლედიანი, თ. ბურბუთაშვილი, ვ. ჩელთისპირელი, დ. სხირტლაძე, ა. კუპატაძე, ბ. აჯმამუდოვი და სხვები. დღეს თელავის თეატრს წარმატებული დასი ჰყავს. გილოცავთ ყველას და გჩუქნით თელავის ბულვარის სურათს, სადაც გავიზარდე და რომლის ნაწილიც დღეს თელავის თეატრს უკავია“, – წერს ელიზბარ ელიზბარაშვილი.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში ამავე თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერისა და თელავის საპატიო მოქალაქის, ვანო იანტბელიძის 65 წლისთავის საიუბილეო საღამო გაიმართა. მას კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა, თელავის თეატრის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
თელავის თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები