„სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ივანიშვილი, კობახიძე და სხვა ლიდერები დგანან“

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
კილაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ სიასთან დაკავშირებული პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.
„სიის განხილვა რომ შეჩერდა და ჩვენ უფრო მეტი დრო ავიღეთ, რათა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარვმართოთ, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი მშვიდად, ფართო ჩართულობით და საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე წარიმართოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მისსავე განცხადებაში დეტალურადაა ასახული.
„თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია რა არის, ივანიშვილმა თავის განცხადებაში აქცენტი საკმაოდ დეტალურად გააკეთა. ამიტომ, არ იქნება მართებული, ამ განცხადების მიღმა კიდევ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები