,,გულისხმიერო“ დეიდებო და ბიძიებო, შენობა გამოუყავით თეატრს, სირცხვილია!“
14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს განსაკუთრებულად ულოცავს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრს ჟურნალისტი მართა კასრაძე.
„გილოცავთ ქართული პროფესიული თეატრის დღეს, რომლის დაარსების მიზანი რუსიფიკაციის გაუსაძლის პირობებში მიწამიყრილი ქართული სიტყვისა და ეროვნული თვითშეგნების აღორძინება იყო.
21-ე საუკუნის რეალობა კი ასეთია:
დიდი ქართველი დრამატურგის — გიორგი ერისთავის (ქსნის ერისთავის) საფლავი ოკუპირებულ იკორთაშია, შექსპირის დრამების გენიალური მთარგმნელის — ივანე მაჩაბლის სახლ-კარი ასევე მტრისგან ოკუპირებულ თამარაშენში მიწასთანაა გასწორებული.
განსაკუთრებულად ვულოცავ დღევანდელ დღეს მის მემკვიდრე თეატრალურ დასს, რომელიც ღირსეულად ატარებს ივანე მაჩაბლის სახელს და მასში ვხედავ იმედს, რომ ცხინვალში მიწამიყრილ ქართულს ისევ აახმიანებს…
მანამდე კი, ,,გულისხმიერო“ დეიდებო და ბიძიებო, შენობა გამოუყავით თეატრს, სირცხვილია!“- წერს მართა კასრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.