მირჩა ელიადეს მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება
19 იანვარს, 18:00 საათზე, „მზიურის“ კაფეში მირჩა ელიადეს ახალი თარგმანის – „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლოს” წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „ალეფიდან“ აცნობეს, ეს გამოცემა ოთხ მოთხრობას შეიცავს და რუმინელი მწერლის, ფილოსოფოსისა და მეცნიერის, მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმითაა გაჯერებული. მოთხრობაში „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან“ ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
რუმინულიდან მოთხრობები თარგმნა ალექსი ქშუტაშვილმა. რედაქტორი: ელზა ახვლედიანი; წინასიტყვაობის ავტორი: სორინ ალექსანდრესკუ; წინასიტყვაობა რუმინულიდან თარგმნა სალომე ჯაფიაშვილმა.
მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების შესახებ ისაუბრებენ გამომცემლობის დირექტორი, ბექა სამუკაშვილი და მთარგმნელი, სალომე ჯაფიაშვილი.
პრეზენტაციაზე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 35%-ანი ფასდაკლებით.