„ალუდა ქეთელაურის“ 130 წლის იუბილეს საქართველოს საელჩო ისრაელში პოემის ებრაული თარგმანით ხვდება
„ალუდა ქეთელაურის“ 130 წლის იუბილეს საქართველოს საელჩო ისრაელში პოემის ებრაული თარგმანით ხვდება
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სულ ახლახან, ისრაელის გამომცემლობა „ბახურ ბუქს“-მა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის „ქართული ლიტერატურის უცხოური თარგმანები“ ფარგლებში, გამოსცა ვაჟა -ფშაველას გენიალური პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი (ებრაულ-ქართული) თარგმანი.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბორის გაპონოვისეული შესანიშნავი ებრაული თარგმანის შემდეგ, ვაჟა -ფშაველას პოემის ებრაული გამოცემა, ისრაელში ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის მეორე ფაქტია, შესაბამისად, ქართულ-ისრაელური კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.
წიგნის გამოცემა ემთხვევა „ალუდა ქეთელაურის“ ტექსტის 130-ე წლისთავს, რომელიც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა ერთი თვის წინ ზარ-ზეიმითა და სპეციალური სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა.
ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულმა ერთობლივმა ძალისხმევამ გადამწყვეტი როლი შეასრულა „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულად თარგმნისა და მისი ისრაელში გამოცემის წარმატებით განხორციელებაში.