გურული სიმღერის შემსრულებელი გური სიხარულიძე გარდაიცვალა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს გურული სიმღერის შემსრულებლის, გური სიხარულიძის გარდაცვალების გამო.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა გურული სიმღერის უბადლო შემსრულებელი – გური სიხარულიძე.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. გური სიხარულიძემ ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნა განსაკუთრებული და გამორჩეული ხელწერა საკუთარი შემოქმედების. მის სახელთანაა დაკავშირებული უნიკალური ჩანაწერები, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობისაა. მე-20 საუკუნის უდიდეს გურულ მომღერალ ოსტატთა შორის მან დაიმკვიდრა საკუთარი ღირსეული ადგილი და მრავალი ათეული წლის მანძილზე, მათთან ერთად შექმნა გურული სიმღერის განვითარების და გადარჩენის მყარი საფუძველი.
გური სიხარულიძე სხვადასხვა დროს გახლდათ მაკვანეთის გუნდის (არტემ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით) წევრი, ანსამბლ ,,ელესას” და ,,ვახტანგურის” , ასევე ტრიო ,,შალვა ჩემო”-ს წევრი.
2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“- გადაეცა“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მომღერლის გარდაცვალებას სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.