ევროპულ ფესტივალზე „ევროპალია“, 2022 წელს, საქართველო სტუმარი ქვეყანა იქნება
ევროპულ ფესტივალზე „ევროპალია“ (Europalia) 2022 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის რანგში იქნება წარმოდგენილი. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ელჩების კონფერცია 2019 – ის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საქართველოსთვის ევროპალია 2018-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და საქართველოს, ქართული კულტურისა და ღირებულებების შესახებ ცნობადობის გაზრდისთვის ღონისძიების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ საქართველომ მიიღო უფლება, 2022 წელს უმასპინძლოს ევროპალიის ფესტივალს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, შეიძლება ითქვას, რომ ის მნიშვნელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალს უტოლდება.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ევროპის დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელში და ბელგიის სხვა ქალაქებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმასპინძლოს კულტურულ ღონისძიებებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ჩვენი ღირებულებებისა და კულტურის ძალიან აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ ამბავს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ქართულ კულტურას კიდევ ერთი დიდი კულტურული პლატფორმა დაეთმობა. ცენტრი მზად არის, კულტურულ ფესტივალზე ლიტერატურული პროგრამის შედგენაში მიიღოს მონაწილეობა.
ფესტივალი „ევროპალია“ 1969 წლიდან იმართება და ბელგიასა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში არტბიენალეებსა და ასობით კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. 2022 წელი ამ ფესტივალზე საქართველოს წელია და ევროპელ დამთვალიერებელზე და სტუმრებზეა გათვლილი.
ცნობილი ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ , სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა.
მასპინძელი ქვეყნიდან მუსიკა, ხელოვნება, ლიტრატურა და თეატრი ყოველ წელს ევროპელების ყურადღების ცენტრში ექცევა და სხვადასხვა ქვეყნის არტისტებისა და ხელოვანების თანამშრომლობას უწყობს ხელს.
სამუშაო ჯგუფი საქართველოდან 2019 წელს შეიქმნება და ფესტივალზე წარსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს.