დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას პრინციპულ პოზიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელად აფასებს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
დეპუტატის აზრით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილმა კანონიერების ყველა ზღვარი წაშალა.
„ალბათ პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პოლიციელებს სცემს ხალხი და მომიტინგეები ამტვრევენ სამართალდამცველების მანქანებს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პრინციპულ პოზიციას. მინისტრისგან მოვისმინე სწორედ ის სიტყვები, რისი მოსმენაც დიდი ხანია მსურდა არა მარტო მე, არამედ სურს საზოგადოებას. ეს აღარ არის თავისუფლება და დემოკრატია, ეს არის ქაოსი, რისი შემოტანაც სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და რის საშუალებასაც მათ არ მისცემს ხელსუფლება. იმდენად ძლიერია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი, რომ ამისათვის ყველაფერზე მიდიან, თუნდაც სახელმწიფოს იმიჯის შელახვაზე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა იმ პიროვნებას, ვისი ინაუგურაციაც დღეს შედგა. სალომე ზურაბიშვილმა წარმოსთქვა მნიშვნელოვანი სიტყვა და იმედი მაქვს, ახალი კონსტიტუცის ამოქმედებით ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყება, სადაც ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი იქნება სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, სადაც კანონის დაცვა ვალდებულება იქნება ყველასთვის და სადაც კანონდარღვევისთვის დაისჯება ყველა, განურჩევლად რანგისა და წარმომავლობისა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები