თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძლიერი პრეზიდენტი

“ეს საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში ნიშნავს, რომ ემიგრანტების მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში”, – ამის შესახებ ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს დაგითმეთ დედა. დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყეა, დიდი ემოციური მომენტია. ეს საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში ნიშნავს, რომ ემიგრანტების მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და ამ მომენტში, მართალი გითხრათ, ჩემს ბებიასა და ბაბუაზე ვფიქრობდი ბევრს. ამ მომენტში, მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და რაც არის ალბათ, ჩვენი ოჯახისა და ამ ქვეყნისთვის მთავარი – ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი. თეიმურაზ გორჯესტანის შეფასებით, ეს ყველაზე სიმბოლური იყო ინაუგურაციისას.
“მან თქვა, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი. სიმბოლური იყო, რომ ინაუგურაცია მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო ხმების უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძლიერი პრეზიდენტი, იქნება არამარტო ოჯახისა და მხარდამჭერების სიამაყე, არამედ მთელი ქვეყნისა და ისტორიის სიამაყე“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები