სახალხო დამცველი გიორგი გახარიას პასუხობს

„მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა“, – ამ სიტყვებით პასუხობს სახალხო დამცველი შს მინისტრის განცხადებას, რა დროსაც გიორგი გახარიამ ნინო ლომჯარიას შეახსენა, რომ ზოგჯერ პოლიციელებს და ჟურნალისტებსაც სჭირდებათ დაცვა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.
„მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა.
ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
ცნობისათვის, შს მინისტრმა თელავში გამართულ აქციაზე, სადაც რამდენიმე პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამის გამო, შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს მადლობა და ბოდიში მოუხადა.
„რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული. ბოდიში და მადლობა პოლიციელებს და ვპირდები მათ, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება და სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ, ყველა მიეცემა პასუხისგებაში.
სახალხო დამცველს ასევე მინდა, მოვუწოდო, მიაქციოს ყურადღება, თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციელის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა. ხანდახან მინდა გავახსენო მას ეს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები